ფუჭად დაკარგული 5 წელი სკოლაში - განათლების სისტემაში პრობლემები წლიდან-წლამდე იზრდება

გამოქვეყნდა:

განათლების სისტემის კატასტროფა საქართველოში - ბავშვები სკოლაში გატარებული 12 წლიდან 5-ს უქმად კარგავენ. მსოფლიო ბანკის კვლევაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას სწავლობს, საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა.

კოვიდპანდემიამდეც განათლების სისტემაში არაერთი ხარვეზი იყო, პრობლემები ონლაინსწავლებვამ კიდევ უფრო გააღრმავა. მშობლებმა იციან, რომ 12 წლიანი სწავლების მიუხედავად არაერთი რეპეტირორის დაქირავება მოუწევთ და მაინც, მათი შვილის განათლება განვითარებული ევროპული ქვეყნის მოსწავლეების განათლების ნახევარიც ვერ იქნება.

მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სკოლაში გატარებული 12 წლიდან 5 წელი მერხთან ფუჭად დაკარგულია. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარება  0,57 პროცენტია.  ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად უარესდება. უფრო მეტიც, 2020 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.  “ანალიტიკასთან” მიცემულ ინტერვიუში სებასტიენ მოლინესუმა საგანგაშო მაჩვენებელზე ისაუბრა.

ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ სწავლის ეფექტიანობაზე და ხარისხზე - ეს მაჩვენებელი 8.3-ია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, - ამბობს ის.

მიზეზი, რის გამოც ქართველი მოსაწვლეები შესაბამის განათლებას ვერ იღებენ ბევრია, პირველ რიგში ის, რომ საჯარო სკოლას სახელმწიფო საკუთრებად განიხილავს და სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას უზღუდავს.

საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების ვრცელ ჩამონათვალზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების იმ ოპონენტების შეფასებით, რომლებიც სხვადასხვა დროს საჯარო სკოლებში მუშაობდნენ ამბობენ, რომ პრობლემაა სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფირების ვადა 2017 წელს გაუვიდა, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ განახლებულა,, პედაგოგეგები, რომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს და ფინანსები, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის ნაცვლად სხვადასხვა უსარგებლო საგნების შეძენაზე იხარჯება. 

2018 წელს, როცა მსოფლიო ბანკამა განათლების გაუარესბეული შედეგი აჩვენა, მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა,რომ  განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება უმაღლესი დონის პრიორიტეტია.

ამის შემდეგ ორი წელი გავიდა, ქვეყანაში ორი პრემიერი შეიცვალა, ინდექსი კი გაუარესდა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიო ბანკის ანგარიშზე საუბარი ისურვა. დიმიტრი ხუნდაძის პასუხიდან ადვილი მისახვედრია, რომ მას მსოფლიო ბანკის ამ ანგარიშზე არაფერი სმენია, ჩვეული ტაქტიკით ოპოზიციას სოციალური საკითხებით მანიპულირებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ.

განათლების სამინისტროში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს, საქართველოს ახლდანდელ პრემიერს ბახტაძისგან განსხვავებით მსოფლიო ბანკის ეს კვლევა ყურადღების ღირსადაც არ ჩაუთვლია და არც ის უთქვამს მოჩვენებითად, რომ ამ ინდექსის გაუმჯობესება მომავალი თაობის წინაშე მათი პრიორიტეტი და ვალია. ალბათ იმიტომ, რომ ქართული ჯიგრული პონტია ისიც, რომ თუ ბავშვს სწავლა უნდა ყველგან ისწავლის, სამსახური კი მაინც ნაცნობობით იშოვება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი