"ნუ იფიქრებ, რომ უშენოდაც აირჩევენ… დარეგისტრირდი საარჩევნო სიაში, მიდი არჩევნებზე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ემიგრანტებს მიმართავს.
მეგობრებო, ძველო და ახალო ნაცნობებო, რაკი ხშირად მწერთ და მეკითხებით 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხომ არ შეგექმნებათ პრობლემა საფრანგეთის ხელისუფლებასთან, ვცდილობ ყველა გადავამისამართო საკონსულო სამსახურთან, რადგან საკონსულოა ყველაზე კომპეტენტური არჩევნებთან დაკავშირებით, რათა დიასპორის წარმომადგენლები დააკვალიანოს.
ჩემი მოკრძალებული აზრი კი ის გახლავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ ჩაგეთვლებათ საკონსულო მომსახურების მიღებად. საკონსულოც და საელჩოც არჩევნების დღეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უბანი და არა დიპლომატიური წარმომადგენლობა. შესაბამისად, ქართველი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი ქვეყნიდან დევნილსა და თავშესაფრის მაძიებელს უსაფრთხოდ შეუძლია საფრანგეთში თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. სხვათაშორის, ასეც ხდება, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ევროპასა და ამერიკაში შეფარებული ლტოლვილები სწორედ ამ გზით ცდილობენ იმ მთავრობის შეცვლაში მიიღონ მონაწილეობა, რომელთაც ისინი გამოექცნენ და ეს მოხდეს დემოკრატიული გზითა და უსაფრთხო გარემოში.
არჩევნებში ხმის მიცემა არის დემოკრატიისთვის ისტორიული ბრძოლების შედეგად მოპოვებული უფლება და დასანანია, მოქალაქემ ამ ძვირფასი მონაპოვრით არ ისარგებლოს. თქვენს ამ უფლებას იმ ქვეყნის ხელისუფლებაც დაიცავს და პატივს სცემს, რომელშიც ამჟამად იმყოფებით.
ხმის მიცემით შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი, და თქვენი ოჯახის, ჩვენი საერთო ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე.
ხმის მიცემით აირჩევთ თქვენს რჩეულ წარმომადგენლებს, ანუ მათ, ვინც იზიარებენ თქვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს და პროგრამით წარმოაჩენენ იმ მიზნებს, რომელიც თქვენთვის მისაღებია.
არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი კი განამტკიცებს დემოკრატიული სისტემის ლეგიტიმაციას. ყოველი ხმა უაღრესად მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ხალხის ხმის გაძლიერებას.
არჩევნებში მონაწილეობა არის თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, თქვენივე ძალაუფლების, უფლებისა და ვალდებულების განხორციელება.
დიახ, გახსოვდეს და გწამდეს, სწორედ შენი 1 ხმაა გადამწყვეტი. შენი 1 ხმა დაეხმარება შენს რჩეულ პარტიას განახორციელოს შენთვის სასურველი პროგრამა და ამ გზით ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაში პირადადაც მიიღო მონაწილეობა.
ნუ იფიქრებ, რომ უშენოდაც აირჩევენ… უმოქმედობით ნუ დააზარალებ შენი ქვეყნის დემოკრატიის ჯანმრთელობას. იგრძენი შენი წილი პასუხისმგებლობა შენი დიდი ოჯახის, შენი ქვეყნის წინაშე.
დარეგისტრირდი საარჩევნო სიაში, მიდი არჩევნებზე, ხმა მიეცი შენს რჩეულს და იგრძენი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილის შვება, - წერს გოჩა ჯავახიშვილი.