ცესკო დღეს, 14 საათზე, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. იქამდე კი ცნობილია, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ იყო. ესაა - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, სადაც ყველაზე დიდი ემიგრაციაა, უცნობია მისცემს თუ არა საარჩევნო კომისია ემიგრანტებს კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალებას და გაუხსნის თუ არა დამატებით საარჩევნო უბნებს:
"26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. " განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
ცესკოს ინფორმაციითვე, კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დღევანდელ სხდომაზე განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი.
ოპოზიცია კი კატეგორიულად მოითხოვს, გაიხსნას საზღვარგარეთ უბნები ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს. მათი თქმით ყველა ეს მოთხოვნა აკმაყოფილებ საქართველოს საარჩევნო კოდექსს
"დღევანდელი მდგომარეობით და ბოლო მონაცემებით 66 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო 2023 წელს 163 000-ზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა უბნების გახსნა, გახსნან უბნები, რადგან ყველგან აკმაყოფილებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას. ასეთი ქალაქებია მაგალითად ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, ლეჩე, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი, ყველგან დაწერილია კანონის დაცვით განცხადებები და მოვითხოვთ, რომ დღევანდელ სხდომაზე დამატებით განიხილონ ეს საკითხი და მოვითხოვეთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს უზრუნველყოფილი ჰქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ.