PACE: პოლარიზაციის უპრეცედენტო დონე არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირების შესახებ

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი დასრულდა. მისია შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს: 

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, აუცილებელია ქვეყნის კანონიერი ადგილის დასაცავად ევროპულ სტრუქტურებში.

ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ მიაღწია უპრეცედენტო დონეს, რაც მოახლოებულ არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირების შესახებ. ვიზიარებ დელეგაციის თანამოსაუბრეების შეშფოთებას დემონსტრაციების ჩახშობის და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესახებ. ხელისუფლებას მოეთხოვება, რომ იმოქმედოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და გამოავლინოს უნარი, ჩაატაროს სათანადო გამოძიება ძალადობის შემთხვევებზე“, - ნათქვამია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის განცხადებაში.

დელეგაცია შეშფოთებულია ოპოზიციონერების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ შევიწროების, მათ მიმართ მუქარის, დაშინებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებითაც. დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის გაუქმებისკენაც მოუწოდებს. განცხადებაში უარყოფითადაა შეფასებული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და მოძრაობა "აირჩიე ევროპას"  „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოცხადება:

"მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. მე ვწუხვარ არჩევნების წინ აქტივისტებზე და ადგილობრივ დამკვირვებლებზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემზარავი ეფექტით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასამბლეის მოთხოვნას გააუქმოს ეს კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება - აღვნიშნავთ ამ კუთხით, რომ ეს კანონმდებლობა [რუსული კანონი] განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ კუთხით, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოცხადებით , რომლებიც ექვემდებარებიან იმავე ფინანსურ ზედამხედველობას და შეზღუდვებს, როგორც პოლიტიკური პარტიები" ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე უარყოფითადაა შეფასებული გენდერული კვოტების გაუქმებაც -  "ამან შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ, რომ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიებში“.

„ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანაბარ პირობებზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რიტორიკისაგან, როგორიცაა ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება, რაც სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს“, - აცხადებს დელეგაციის ხელმძღვანელი. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იმყოფებოდა. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შს მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე ცესკო-სა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი დელეგაცია, 32 წევრის შემადგენლობით 26 ოქტომბრის არჩევნებსაც დააკვირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი