ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება | ცესკოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება  - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. " განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ეს ქვეყნებია - არაბთა გაერთიანებული საემიროები, ფინეთი, კორეა, იაპონია, ავსტრალია. 

"კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს. მათ შორის, არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება." აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.

ცესკოში განმარტავენ, როგორ შეეძლებათ ემიგრანტებს ხმის მიცემა:  

"არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე  და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში" აცხადებენ ცესკოში. 

დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ კი, ცესკოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, ცესკოში "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა ანა კობახიძემ და ცესკოში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით ჯინჯოლავამ, სხდომა დატოვეს და სპეციალური განცხადება გააკეთეს.

მათი შეფასებით,  საზღვარგარეთ მცხოვრებ ასეულობით ათას მოქალაქეს როგორც ცესკომ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი