ქართველი ჯარისკაცი გიორგი გოგლიძე, რომელიც 2023 წელს რუსებმა ლუგანსკის ოლქში დაატყვევეს, მალე რუსული სასამართლოს წინაშე წარდგება. რუსული მედიის ცნობით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოში გადასაცემად პროკურორს უკვე გადაეგზავნა. გიორგი გოგლიძეს "დაქირავებულის" სტატუსით ასამართლებენ, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც "მთავარ არხს" ქართველი მებრძოლის დედა ეუბნება, შვილთან კომუნიკაცია უკვე ერთი წელია არ ქონია და მწირ ინფორმაციას მხოლოდ "წითელი ჯვრის" ორგანიზაციისგან იღებს. საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთში პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდით არ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახმა დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართა.