ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტი "ევროპა და შენი ეკონომიკური კეთილდღეობა" მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის. პროექტი ამ ეტაპზე მიმდინარეა თუმცა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოციალური მედიის არხებში ქვეყნდება მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებები, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპული მომავლის უპირატესობებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ევროკავშირში - მხოლოდ ყოველი 167-ე. (სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი განსაზღვრულია 3.65 აშშ დოლარზე ნაკლები დღიური შემოსავლით).
ამასთანავე ევროკავშირში მთავრობის დანახარჯების ის წილი, რაც სოციალურ დაცვაზეა მიმართული 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. 2022 წელს ევროკავშირში მთავრობის დანახარჯების 39% სოციალურ დაცვაზე იყო მიმართული. საქართველოში კი 2023 წელს 25%.
ევროკავშირში სამომხმარებლო ხარჯების ის წილი, რასაც ოჯახი დასვენებასა და გართობაზე ხარჯავს, საშუალოდ 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.
გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა კვლევაში სხვა საკითხებიც არის განხილული. კერძოს ის, რომ საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში. (საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელი, ევროკავშირი 82 წელი.)
2023 წელს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 100,000 მოსახლეზე 7 გარდაცვლილი ადამიანით მეტია, ვიდრე ევროკავშირში.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში.
კვლევაში საუბარია ასევე განათლების მონაცემებზეც.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს წაკითხულის გააზრების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 95 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მოსწავლეს. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო მოსწავლეს 374 ქულა ჰქონდა, ევროკავშირში 469 ქულა.
PISA-ს მათემატიკის ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 82 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მოსწავლეს. (საქართველოში საშუალო მოსწავლეს 390 ქულა ჰქონდა, ევროკავშირში 472 ქულა)
PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მოსწავლეს. (საქართველოში საშუალო მოსწავლეს 384 ქულა ჰქონდა, ევროკავშირში 481 ქულა).