"თავს შევაკლავთ მაგარი ბიზნესმენები"... | ოლიგარქის კარის ბიზნესმენები რეჟიმის გადასარჩენად - ნოშიკო ნამორაძის "სამართალი"

გამოქვეყნდა:

დასანქცირებული ოცნების გადასარჩენად და ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მმართველმა პარტიამ ახალი მაშველი რგოლი აამოქმედა. ცალკე გამოყოფის ღირსია - ოლიგარქიულ რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენების აქტიურობა. ამ კვირას ნოშრევან იგივე ნოშიკო ნამორაძის ჯერი იყო- საგანგებო პრესკონფერენციებით თუ სამთავრობო მედიაში მოწყობილი  საგანგებო ეთერებით. 

ამბავი იმისა, თუ როგორ იყიდა 16 წლის შემდეგ "სამართალი" ნოშიკო ნამორაძემ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალის ხაზგასმით - სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2 თვის წინ მიიღო, თუმცა ბიზნესმენსაც და სამთავრობო მედიასაც საქმე სწორედ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. 

საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ამბავს. ბიზნესმენი ნარკოტიკების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ციხე 3 თვეში 500 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ დატოვა.  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ , 2014 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა პროკურატურას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა.  საგამოძიებო უწყებამ 10 წელი იმუშავა და ბოლოს , მიმდინარე წლის ივლისში მოიპოვა "სოდ"-ის  მაშინდელი თანამშრომლების ჩვენებები და ამის საფუძველზე  ნამორაძე დაზარალებულად ცნო. სააპელაციო სასამართლომ საქმე ერთ დღეში განიხილა და იმავე დღეს  გამოაცხადა გადაწყვეტილება. 

30 ივლისს ნოშრევან ნამორაძემ უკვე იცოდა, რომ სამართალი იპოვა, მაგრამ რატომღაც 2 თვე  ითმინა, რომ ეს ამბავი საჯაროდ გამოეცხადებინა. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მან კრიტიკული მედია არ მიიწვია, შესაბამისად, კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გვქონდა... 

"მთავარ არხს" დიდი ხანია აქვს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ სწორედ ბიზნესმენი ნამორაძის ბანდის წევრებიც იყვნენ იქ, სადაც  აქტიურ მოქალაქეებს თავს ესხმოდნენ...

რამდენიმე თვის წინ კი, თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოშრევან ნამორაძის არასრულწლოვანმა შვილმა, მისივე თანატოლთან იჩხუბა, თუმცა პოლიციისთვის მიმართვის ნაცვლად, ბიზნესმენმა ნამორაძემ მოზარდის მამა, ასევე ბიზნესმენი დაიბარა და თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სცემა. საქმის გარჩევა კი ე.წ. კანონიერ ქურდებთან გაგრძელდა.

იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, "მთავარი არხი" ნაცემი ბიზნესმენის ვინაობას არ ასახელებს.  

ნამორაძეს შეუზღუდავი უფლებები აქვს როგორც ბიზნესში ისე მის გარეთ, სამაგიეროდ კი ქართულ ოცნებას მისგან ბევრი ფული და როცა სჭირდებათ სხვა ბევრი რამეც აქვს. მისი კომპანია ისეთი მიწების და ტერიტორიების მფლობელია, რომელზეც სხვა წარმატებული ბიზნესმენები ვერც იოცნებებენ- თბილისში ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში მიწის ნაკვეთები და ნებართვები, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულებზე გაიცემა. 

ჭავჭავაძის გამზირზე ნამორაძის კომპანიას 47 სართულიანი შენობა უნდა აეშენებინა, ახალი პროექტის მიხედვით კი ის 59 სართულიანი იქნება.  
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი