გავლენიან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ხელისუფლება ანტიკორუფციული ბიუროს ხელით არასამთავრობოებს გზას უკეტავს იმ საბაბით, რომ რამდენიმე გავლენიან ორგანიზაციას, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ნათლად აქვს გაცხადებული, საარჩევნო მიზნის მქონედ აცხადებს.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობოების გავლენების შესუსტებას ცდილობს, და განმარტავს, რომ რამდენიმე ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც პოლიტიკური პოზიცია თავად აქვთ გაცხადებული, არ აქვთ უფლება არჩევნებს დააკვირდნენ. თუმცა, ეს არგუმენტი თავად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მათი აზრით, ამგვარი ორგანიზაციის არც ერთ წევრს ხელისუფლებაში მოსვლა არ სურს და არც მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.
"იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში ვერ განვახორციელებთ უშუალოდ ჩვენი სახელით არჩევნებზე დაკვირვებას. ჩვენ უბრალოდ არ გვექნება ფინანსური რესურსები, იმიტომ რომ ქართული ოცნების მიერ ვართ ჩათვლილი როგორც პარტია და შესაბამისად ჩვენ უცხოურ დაფინანსებას ვერ გავხარჯავთ. ნახეს გზა, რომ არ აამოქმედონ ჯერჯერობით რუსული კანონი, მაგრამ აამოქმედონ ეს მიდგომა და კანონმდებლობის ეს მოთხოვნა, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.