ხელისუფლების მიერ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა რეპრესიები, დისკრედიტაციის მცდელობა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის გაუმჭვირვალობა - კოალიცია "შენი ხმა ევროკავშირს", რომელი 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას ამზადებს, ამ დროისათვის გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
განცხადება დღეს ლონდა თოლორაიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ცესკოსთვის გადაცემული მონაცემები, სავარაუდოდ არ ასახავს რეალობას და საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე იმაზე მეტი საარჩევნო უფლების მოქალაქეა, ვიდრე ოფიციალურად სახელდება.
კოალიცია საგარეოს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია:
"ამ ეტაპზე კოალიცია "ჩემი ხმა" მიუთითებს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე. 26 სექტემბერს ცესკომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისთვის შექმნა 60 საარჩევნო უბანი 42 ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე. 9 აგვისტოდან დღემდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ სრულწლოვანი მოქალაქეების, ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს.
მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას ამ ეტაპზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია: რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით , რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და რამდენი მოქალაქეა აღრიცხვაზე თითოეულ ქვეყანაში;" განაცხადა თოლორაიამ.
კოალიცია „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ ელოდება, რომ "ქართული ოცნება" კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ რეპრესიებს გააგრძელებს. მათ ამის დასტურად, "ოცნებაში" გაკეთებული განცხადება მოჰყავთ. თოლორაიას თქმით, ხელისუფლება სადამსჯელო ბერკეტად იყენებს პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფ ანტიკორუფციულ ბიუროს და მას ერთგვარ მითითებს აძლევს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეზღუდონ, მიზანი კი როგორც კოალიციაში მიაჩნიათ, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის ხელის შეშლაა:
"მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რისთვისაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
წინა კვირაში, პრემიერმინისტრს ქოლგის ქვეშ არსებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება. ეს უკანონო გადაწყვეტილება, როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუში, უკვე გასაჩივრებულია, თუმცა აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებას.
სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, რესურსებზე წვდომისა და მათი გამოყენების აკრძალვას, ხოლო ორგანიზაციების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების მუქარით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას.
მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა 27 სექტემბერს მიუთითა კოალიციის კიდევ 3 ორგანიზაციაზე, როგორც არასანდო და პოლიტიკურად აქტიურ ორგანიზაციებზე. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ეს განცხადება იყო მითითება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, რათა ეს რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო, გააგრძელოს კოალიციის სხვა წევრებზე. " აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.