საიამ რამდენიმე რეგიონში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები გამოავლინა | წინასაარჩევნო მონიტორინგი

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა - ნათქვამია "საიას" ანგარიშში.

"სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საიამ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების,  კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს  ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.

საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან:  4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 - კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 - ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 - პლატფორმა ,,აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ." აცხადებს საია. 

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტები

პერიოდი: 2024 წლის 1 აგვისტო - 2024 წლის 25 სექტემბერი

თავდასხმა პარტია „ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე

პარტია „ახალის” თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა. მომხდარს ხმაური მოჰყვა.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს.

2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ამ დროისათვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თავდასხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებზე

8 სექტემბერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ. კოალიციის წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ინციდენტი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კოალიციის განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მართალია ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.  შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

საიას მოსაზრებით, ეს შემთხვევები, შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ანა წითლიძეზე თავდასხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავად დეპუტატს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაზარალდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი,  ბექა ფარცვანია, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა კამპანიაში.

მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ანა წითლიძეს.  ასევე, ჩანს ფიზიკური დაპირისპირების კადრები.

ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი. მან ჯერ განცხადება გაავრცელა სოციალურ მედიაში, შემდგომ კი ბრიფინგი ჩანიშნა. მისი განმარტებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იქ შეკრებილ დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა.

როგორც, საიასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე.

 პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

16 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პარტიის წევრზე იძალადა. ენმ-ს განცხადებით, ზურაბ აბაევი სასტიკად არის ნაცემი. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ აბაევი სცემა, შემდეგ დააკავა.  მოგვიანებით, დაზიანებების გამო, იგი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის წევრი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც აბაევმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, იგიდააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ამის საპირისპიროდ, დაკავებულის უფლებათა დამცველი და თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი პოლიციელების მხრიდან დაზარალებულისთვის ფოტოების გადაღების გამო დაიწყო.  გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში შედგენილ ფორმა 100-ში წერია, რომ დაკავებულს აქვს ტვინის შერყევა, ასევე ფილტვების დაზიანებები. დაზარალებულის ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის.

აღნიშნული ქმედება შეიძლება შეიცავდეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს. საიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს. ორგანიზაციას ჯერ პასუხი არ მიუღია.

წინასაარჩევნო კამპანიასა და სამოქალაქო აქტივიზმში ხელის შეშლა

.პარტია „საქართველოსთვის” კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლა

2024 წლის 3 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის” ქალაქ ბათუმში მართავდა ამომრჩევლებთან შეხვედრას, რა დროსაც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება მანუჩარ რიჟვაძე იყო, „ქართული ოცნების” აქტივისტი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ რიჟვაძის თანმხლები პირები აგრეთვე იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების” კოორდინატორები. ესენი არიან: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების” ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების” უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების” ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების” აქტივისტი). რიჟვაძის თანმხლებმა პირებმა ვერბალური ფორმით შექმნეს დაძაბული გარემო და დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს.

 „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა

2024 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში ე.წ. „ავტო-ქარხნის დასახლებაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა ენმ-ს წარმომადგენელი - დიტო კვანტალიანი. იგი აპროტესტებდა ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. მისი ფეისბუქ-პოსტის მიხედვით, იგი მმართველი პარტიის „პროპაგანდას“ აპროტესტებდა, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები შესაძლოა წარმოადგენდეს, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას.

პლატფორმა „აირჩიე ევროპისთვის“ სამოქალაქო აქტივიზმში ხელშეშლა

პლატფორმა „აირჩიე ევროპას“ წარმომადგენლები 15 სექტემბერს რუსთავში აწარმოებდნენ შეხვედრებს. მათ წინააღმდეგობა გაუწია „რუსთავი მოლის“ დაცვამ, რომელმაც არ მისცა  მოლში მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. დაცვის თქმით, აქტივისტებს კერძო ტერიტორიაზე ბროშურების დარიგების უფლება არ ჰქონდათ. „აირჩიე ევროპას“ წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მოლის ტერიტორია არის საჯარო სივრცე და მათ იქ ბროშურების დარიგების უფლება ჰქონდათ. მოლი წარმოადგენს სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენებულ ფართს, რომელში შესვლა არ საჭიროებს მისი მეპატრონის წინასწარ თანხმობას.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდგომ,  პლატფორმის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ პარკთან გადაინაცვლეს, სადაც მობილიზებულნი იყვნენ საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ მისცეს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება.

საჯარო სივრცეებში გადაადგილების ძალადობრივი ფორმებით შეზღუდვა, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა, აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს. არსებითად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ გაერთიანებებს ჰქონდეთ საშუალება დაუბრკოლებლად გამოხატონ თავიანთი აზრი.

სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანება

8 სექტემბერს, ენმ-ს წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს.

ინცინდენტი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ავტომობილი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაუზიანეს. როგორც ენმ-ს წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ბესო ქართველიშვილი  დაზარალებულად ცნო.

 „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მანქანის დაზიანება

2024 წლის 15 სექტემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში დააზიანეს პარტია „ქართული ოცნების“ წევრისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას, ავტომობილი. იგი სოფელ ლესიჭინეში წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში იმყოფებოდა და თვითონ ფაქტს არ შესწრებია. იზორიას თქმით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. კერძოდ, ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტების უფლებას თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატარონ მათი კამპანია.

აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა წარმოადგენდეს პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი