საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ქუჩური წესებით საქმის გარჩევის ორგანიზებაში ადანაშაულებენ - საქმიდან მთავარი მტკიცებულება, იარაღი, გამქრალია

გამოქვეყნდა:

ბრალდებულ გიგლემიანის ადვოკატის ვერსიით, კრიმინალური გარჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი იარაღით საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოაწყო. განსასჯელის სკამზე მჯდომი ივანე გიგლემიანი რეალურად მსხვერპლია და ის საქმის გასარჩევად კრწანისში პატრულ-ინსპექტორმა დაიბარა.

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ საუბარი პატრულსა და გიგლემიანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სამი ტყვია ესროლეს.

დაზარალებული დავით ნემსაძე პატრულის მოქმედი თანამშრომელია, თუმცა დაჭრის მომენტში ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პროკურატურის მტკიცებით, ნემსაძე მეგობარი ქალის დაცვას ცდილობდა, რომელსაც ბრალდებული შეურაცხმყოფელ SMS-ებს წერდა.

პროკურატურის ამ ვერსიაში ბრალდებულის ადვოკატებისთვის ბევრი საეჭვო გარემოებაა. მთავარი კი ისაა, რომ საკმაოდ მოცულობითი საქმის მასალებში მათ ვერსად ამოიკითხეს დანაშაულის განზრახვა, ანუ მიზეზი, რის გამოც ბრალდებული გიგლემიანი მისთვის უცნობ ადამიანს გაუსწორდა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმის ქუჩურად გარჩევის ინიციატორი თავად პატრულის თანამშრომელი იყო, სწორედ ის დაუკავშირდა ბრალდებულს და შეხვედრა დაუთქვა. თუმცა მიმოწერა გამოძიებას ამოღებული ამ დრომდე არ აქვს.

მიმოწერის გარდა საქმეში არ დევს არც დანაშაულის იარაღი. პროკურორმა დღეს არც პროცესზე დამალა, რომ მთავარ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.

გამქრალი მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის ადვოკატებისთვის დამატებითი ეჭვების საფუძველია.  არის ვერსია, რომ დაზარალებული პატრული საქმის გარჩევაზე სამსახურებრივი იარაღით იყო მისული. გიგლემიანს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი პისტოლეტი ემუქრებოდა, ბრალდებულმა კი თავი დაიცვა იარაღი წაართვა და პოლიციელს მისსავე ტაბელური იარაღიან ესროლა.

ამ ვერსიაზე ბრალდების მხარე არ საუბრობს. საქმის პროკურორი არც იმას ადასტურებს ჰქონდა თუ არა დაზარალებულ ნემსაძეს ტაბელური იარაღი და არის თუ არა ის გამოძიების მიერ ამოღებული.

თუ დაზარალებულ პატრულს არასამსახურებრივ მომენტში სამსახურებრივი იარაღის ქონა დაუდასტურდება, ეს საქმის მიმდინარეობას შეცვლის. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მასაც უნდა დაეკისროს, რადგან დადასტურდება, რომ პატრული რომელიც კანონს უნდა იცავდეს საქმეებს ქუჩური გარჩევებით აგვარებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი