"ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში... ხმის მიცემას ის პარიზში შეძლებს", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს და განმარტავს, რატომ არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე, რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი; აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება", - წერს ცესკო.