ემზადება თუ არა "ოცნება" დროებით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებისთვის - კახა კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებას აქებს. იმ განცხადებას, სადაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებად მოიხსენიებს და სამ ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებას სთავაზობს. რეალურად კი კრემლის ეს შეთავაზება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ასახელმწიფოებად აღიარებას მოითხოვს.
ის რაც ლავროვის განცხადებაში ვერ ან არ ამოიკითხა კახა კალაძემ, ცხადია მარიონეტული რეჟიმებისთვის. დროებით ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის ე.წ საგარეო უწყებები ურთიერთობების ნორმალიზების ერთადერთ წინაპირობად მათი ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებს ასახელებენ. ასეთივე გზავნილია კრემლიდანაც, რომლის დადასტურება იყო რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებაც. ომის დამნაშავე პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას პირდება.
არც ერთი სიტყვა რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე და ისევ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში - ეს არის ხელისუფლების ის გზავნილი, რომელიც კრემლში უყურადღებოდ არ დარჩენილა. ლავროვი "ოცნებას" ღიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს უქებს. ყველაფერი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ბოდიშით. გაგრძელდა "ოცნების" წევრების ერთხმად გამეორებული პროპაგანდით და დაგვირგვინდა კობახიძის განცხადებით, რომელიც მან ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრების გვერდით თქვა. რუსეთი არაფერ შუაშია და ყველაფერში დამნაშავე საქართველოა - ასეთია ოკუპირებული ქვეყნის პრემიერის სათქმელი.
ლავროვი სამ სახელმწიფოს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს. კრემლი მუდმივად გვიბიძგებს შეთანხმებისკენ, რომლის მეორე მხარე ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც სამართლებრივი სუბიექტი იქნებიან. ეს კი თბილისის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ავტომატურად გულისხმობს. "ქართული ოცნების" პასუხი ლავროვის შეთავაზების ამ ნაწილზე - უცნობია.