გორის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილეს. ბექა ადუაშვილმა სასამართლო სხდომაზე დამალა ფაქტი იმის შესახებ, რომ იოსებ ბასაევის სახლის ჩხრეკაში სამხარეოს მაღალჩინოსანი ვლადიმერ კოვზიაშვილი მონაწილეობდა.
"დღეს იყო მორიგი დაკითხვა იარაღის ჩამდები პოლიციელის, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არა მარტო იქ, არამედ ჩაიდინა დანაშაული სასამართლო პროცესზეც. მან მისცა ცრუ ჩვენება მოსამართლეს, რომელიც აუცილებლად გამომჟღავნდება და მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მან დამალა, რომ კოვზიაშვილი არ იმყოფებოდა სახლში. სინამდვილეში მთელმა საქართველომ ნახა კადრები, როდესაც კოვზიაშვილი გამოდის ჩემი სახლიდან, ის მონაწილეობდა ჩხრეკაში, ჩემს ცემაში და დაკავებაში" - ამბობს იოსებ ბაბაევი.
ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელის, იოსებ ბაბაევის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. პროცესზე მხარეებმა მოწმის სახით, ადუაშვილის გარდა ასევე დაკითხეს ექსპერტი ტარიელ ჩიხლაძეც, რომელიც ამბობს, რომ მან სადაო იარაღი შეისწავლა და დაადგინა, რომ ის სროლისთვის ვარგისია.
ბაბაევის უფლებადამცველის თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევისას იკვეთება ახალი გარემოებები, რაც პირდაპირ ცხადყოფს პროკურატურის მიერ ამ საქმეზე მიკერძოებულობას და უკანონო მტკიცებულების მოპოვებას.
მისცა თუ არა პოლიციელმა ბექა ადუაშვილმა სასამართლოს ცრუ ჩვენება? - საქმის პროკურორი ამ შეკითხვას არ პასუხობს და ამბობს, რომ სასამართლოში წარდგენილი ნებისმიერ მტკიცებულებას სასამართლო გამოიკვლევს და შეაფასებს.
იოსებ ბაბაევი 4- 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.
თავდაპირველად, გორის სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო, თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია. ბაბაევს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მის წინააღმდეგ გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.