ახალი "ოჯახის წევრები" ცესკოს ბაზებში | მოქალაქეები თავიანთ სახლებში ჩაწერილ უცხო ადამიანებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ახალი "ოჯახის წევრები" ცესკოს ბაზებში - მოქალაქეები თავიანთ სახლებში ჩაწერილ უცხო ადამიანებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთია ირინა მალიაშვილი, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, მის სახლში ჩაწერილი დამატებით ხუთი ადამიანი შემთხვევით აღმოაჩინა. ეს კი ისე მოხდა, რომ არც მას და არც მის ოჯახის წევრებს არავინ ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა სურვილი სახლის მისამართზე დამატებით ხუთი სრულიად უცნობი ადამიანი ჩაეწერათ. ის ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ მეთოდებს არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებს. 

ირინას მსგავად საქართველოში ასობით მოქალაქეა, ვისაც ხელისუფლებამ სახლების მისამართებზე უცხო პირები დაუკითხავად მიუწერა. სოციალური ქსელებში მოქალაქეებმა ერთმანეთის დახმარებით აღმოაჩინეს რომ მათ მისამართებზე ხშირ შემთხვევაში 10-15 ადამიანზე მეტია ჩაწერილი.

საქართველოს მოქალაქემ რომ გაიგოს, არის თუ არა ვინმე მის მისამართზე ჩაწერილი, უნდა ესტუმროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდს და პირადი მონაცემების ჩაწერის შემედეგ ინფორმაციის გადამოწმებას მარტივად შეძლებს. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ სწორედ ამ გზით აღმოაჩნია, რომ მის მისამართზე შვიდი უცნობი ადამაიანი იყო ჩაწერილი. როგორც ის ყვება, უცხო ადამიანების მათ მისამართზე არსებობა არც კომუნალურებში ჩანდა და მხოლოდ გადამოწმებით შეძლეს ამ პრობლემის აღმოჩენა. 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს მისამართიდან უცხო პირების ამოწერა სურს, შეუძლია, მივიდეს იუსტიციის სახლში, სადაც მან, როგორც განმცხადებელმა ორ მოწმესთნ ერთად უნდა დაადასტუროს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირები არ ცხოვრობენ მისამართზე. იუსტიციის სახლი, ამ შემთხვევაში, ვალდებულია ათი სამუშაო დღის შემდეგ, უცხო ადამიანები თქვენი მისამართებიდან ამოწეროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი