"ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები" | კობახიძის პასუხი მოშიმშილე შუქრუთელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვას - აპირებს თუ არა სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრას, უპასუხა, რომ შემდეგ ბრიფინგამდე კიდევ ერთხელ ჩაეძიება აღნიშნულ თემას და საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯებსაც გადადგამს. მიმდინარე აქციები კობახიძემ მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა:

"მე ზოგადად იცით, რომ არასდროს, აქ დროის ამბავი არ არის, არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მეც მქონდა და ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია, ძირითადად სამი პირი იყო ჩართული, ყოველ შემთხვევაში თავიდან. ახლა არ ვიცი როგორ არის, ამ აქციის ორგანიზებაში. ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა ზოგადად, ასე ვიტყოდი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის რაც გადავამოწმე, ეს არ არის მარტო კომპანიის ინფორმაცია, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 000 ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიღებული, ჩაბარებული, ამის მიუხედავად მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს..." - განაცხადა კობახიძემ.

საპასუხოდ ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს უთხრა, რომ სოფლის მოსახლეობა, რომლებიც 32-ე დღეა შიმშილობენ, შეხვედრას სწორედ იმისთვის ითხოვენ, რომ მას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სიმართლე აქციის მონაწილეების მხარესაა და მოგვარების სხვა რესურსები არ გამოიძებნება, ამ შემთხვევაში შეხვდება.

"გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას, შეგვიძლია ერთმანეთშიც გავცვალოთ ეს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯებიც გადაიდგმება, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები...

თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან," - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე თვეებია ეწინააღმდეგება მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას, რის შედეგადაც მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად საშიში გახდა.

10 სექტემბერს შუქრუთელების პროტესტმა თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლა. ისინი ღია ცის ქვეშ არიან, პოლიცია კი კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. პროტესტის რამდენიმე მონაწილე კი 1 თვეა შიმშილობს, ნაწილს პირი აქვს ამოკერილი.

ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შუქრუთელებს არავინ შეხვედრია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი