აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს და თბილისის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. რას უკავშირდება ამერიკელ მაღალჩინოსანთან ჩანიშნული ვიზიტი, ამის შესახებ რაიმე განცხადება საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარეპისკოპოსი იაკობი აშშ-ში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მიავლინა, მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ვერცერთ მაღალი თანამდებობის პირთან შეხვედრა ვერ შეძლო.
შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. უკავშირდება თუ არა ვიზიტი "ქართული ოცნებასა" და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის შუამავლობას, ინფორმაცია არ აქვს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს.
"ეს არის ჰიპოთეტური შეკითხვა და როგორ გიპასუხოთ? მე პოლიტიკაში არ ვერევი საერთოთ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და ჩემი საქმე მაქვს და ვერავითარ შემთხვევაში მსგავს ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მეუფე იაკობი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
იხილეთ ასევე
ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შეხვდება