ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში - "ქართული ოცნების" პროპაგანდას ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პასუხობს და აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 პუნქტიდან, ერთ ერთი იყო ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა, რაც მისივე თქმით, არ სრულდება.
ჰერჩინსკი დღეს გამოეხმაურა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ისეთ მთავრობას, რომელიც იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, უმცირესობების უფლებებს:
ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს.
ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, რომ იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და გაიმართება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. თუმცა, თუ აღმოჩნდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს სერიოზული დარღვევები, მაშინ ჩვენგან იქნება შესაბამისი პასუხი.
ჩვენ ეს გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში ამას არასდროს გამოვცდით.
თქვენ იცით იმ ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც საქართველოს წარუდგინა ევროკომისიამ. პირველი ნაბიჯი იქ არის ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და ეს პროპაგანდა გრძელდება. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში.
სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს და სწორედ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს, რათა დათესოს ქაოსი მთელს მსოფლიოში." აცხადებს ევროკავშირის ელჩი.