ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და ეს გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებით, რაც, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ითქვა. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ისეთ სახელმწიფოშიც, სადაც IRI-ს გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 90%-ს ევროპასთან ინტეგრაცია სურს. ცხადია, ჩვენ გვაქვს კონკურენტული პროცესისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მოლოდინი....
ხელისუფლების წარმომადგენლები ან რომელიმე პარტიის კანდიდატები არ უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, რაც არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია. ამას ქართველი ხალხი, ევროპა და რა თქმა უნდა, ამერიკა თვალს ადევნებს. დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, შეერთებულმა შტატებმა გარკვეული მიზანმიმართული სანქციები დააწესა ოფიციალური პირების მიმართ. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. ამასთან, ვიმედოვნებ, მმართველი პარტია საკმარისად დარწმუნებულია, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დაუშვას, რაც, სხვათა შორის, არ გახლავთ მთავრობისგან მიღებული საჩუქარი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თითოეული მოქალაქის უფლებაა...
არ შეიძლება ერთი პარტია მუდმივად ხელისუფლებაში იყოს და სამუდამოდ სურდეს ქვეყნის მართვის სადავეები. არსებობს პარტიების მონაცვლეობის პრინციპი, თანაბარი სათამაშო მოედანი, რეალური პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია, სადაც ხან იმარჯვებ და ხან მარცხდები. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ეს კარგად იციან ვაშინგტონში და ეს პრინციპი გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მოველით, მათ შორის საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერი იქნება დემოკრატიული შედეგი საქართველოსთვის, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება და მით უფრო შეძლებს მის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის კულტურა დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - განაგრძობს თუ არა ქვეყანა უკანდახევას, თუ უბრუნდება რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს?!"
ამბობს IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი globalnews.ge-სთან ინტერვიუში.