"არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ამომრჩეველი უნდა იყოს ინფორმირებული. სწორედ ამაში გეხმარებათ ეს ინსტრუმენტი, რომლის პრეზენტაციას [საარჩევნო კომპასი] დღეს ვახდენთ. მე ველაპარაკე ერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელმაც ამიხსნა, როგორი იქნებოდა ჯანდაცვის პოლიტიკა მისი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში და მე ეს მომეწონა, იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი საქართველოში კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს.
მე მას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ჯანდაცვის პოლიტიკა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა და მან მიპასუხა, რომ არა. მთავარი იქნება ვინ არის რუსი და ვინ ევროპელი. ჩემი აზრით, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე - სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, რაც არ არის კარგი და არ არის ჯანსაღი.
მთავარი არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ კიდევ უფრო მთავარია კონსენსუსის შექმნა. პოლიტიკაში არ არის რთული, რომ იყო მართალი, რთული კომპრომისის პოვნაა.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში პოპულისტური ტენდენციებია და პოპულიზმის მიზანია ყველაფრის გამარტივება და წარმოჩენა, როგორც არჩევანი შავსა და თეთრს შორის. ასე საზოგადოების პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, არ არსებობს მარტივი გამოსავლები.
როდესაც მე მივდივარ არჩევნებზე გერმანიაში, მე არ ვითხოვ, რომ ჩემს მიერ არჩეულმა მთავრობამ ჭეშმარიტების გზა მაჩვენოს და სამოთხე შექმნას. მე მინდა, რომ მათ მართონ სახელმწიფო გონივრულად მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. ასე რომ, ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. ხმის მიცემა სუპერძალაა, რომელიც უნდა გამოიყენოთ."
ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი "საარჩევნო კომპასის" პრეზენტაციაზე.