ემიგრაციაში მყოფი დევნილების საარჩევნო უფლებების შეზღუდვას "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილ მორიგ რუსულ საქმედ და კონსტიტუციის დარღვევად აფასებს "კოალიცია ცვლილებისთვის". როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა ქართველ დევნილებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ცესკო მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის გაუქმებას, რის შემდეგაც მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
"ეს გაუგონარი ფაქტი, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, არის ღიად რუსული საქმის კეთება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქის რეგისტრაცია არ უნდა გახდეს არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი. ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება. შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ცესკოს - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ცესკოს მოვუწოდებთ უსწრაფესად მოახდინოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება. ასევე ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს სახალხო დამცველის მოთხოვნა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნას ცხელი ხაზი. ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია და მოქალაქეების მონაცემები მიაწოდოს ცესკოს," - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არიან საქართველოს მოქალაქეები და არჩევნებში მონაწილეობის უფლება კონსტიტუციურად აქვთ გარანტირებული".