"ოცნების" მანიპულირება უკრაინის ტრაგედიით და ზეწოლა კრიტიკულ ტელევიზიებზე | სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელ მედიას სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება კრიტიკულ მედიას საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის  გამოყენებული უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ბანერების  ეთერში გაშვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  "მთავარ არხს", "ტვ-პირველსა" და "ფორმულას" სოლიდური ჯარიმით ემუქრება,  რის გამოც ეს  არხები, შესაძლოა, საქმიანობის შეჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. 

კრიტიკული ტელევიზიები "ოცნების" რუსული პროპაგანდისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ  და უარს ამბობენ აღნიშნული ვიდეორგოლების ეთერში  განთავსებაზე.  სამი ტელეკომპანია  ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას,  დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს.  მანამდე ევროკავშირის ელჩმა ივანიშვილის გუნდის მცდელობას, გამოიყენოს უკრაინელი ხალხის ტრაგედია საარჩევნო მიზნებისთვის,  "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა.

"ოცნების" ხელისუფლების ქმედებას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს უკრაინის ტრაგედია და ზემოქმედების ბერკეტების მეშვეობით ამაში დამოუკიდებელი მედია გამოიყენოს, მედიაზე ზეწოლად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

"სოლიდარობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიებს, რომლებიც ამ არნახული წნეხის ფონზე მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ სარედაქციო დამოუკიდებლობა და რაც მნიშვნელოვანია პატივი სცენ ადამიანის ღირსებას. ეს იმ დროს, როდესაც ქართული ოცნება ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს ექსპლუატაცია მოახდინოს უკრაინელი ხალხის ტრაგედიის. პლუს ამას თავისი ზემოქმედების ბერკეტების მეშვეობით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მედიებზე. ყოვლად მიუღებელია ის რასაც ჩვენ ვხედავთ," - აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ელოდება, რომ "ოცნების" ქმედების გამო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე გამოხმაურებები გაგრძელდება.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განათავსეს ბანერები, რომელიც თავისი შინაარსით არის ძალიან ამორალური და არაჰუმანური, იმიტომ რომ აქ ჩანს თითქოს ნიშნის მოგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ბანერები შეაფასეს როგორც ამორალური, სიძულვილის ენის შემცველი და შეუსაბამო ჰუმანურ პრინციპებთან. ამის ფონზე გვაქვს მოლოდინი, რომ ამას კვლავ ექნება გამოხმაურება." - აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

"ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კამპანიაში უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ბანერების გამოყენებას და ტელევიზიებისთვის ამ ბანერების ეთერში გაშვების დავალებას,  უღირსი და ამორალური საქციელის გაგრძელებას უწოდებენ ოპოზიციაში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია ხაზს უსვამს მედიაზე ზეწოლაში კომუნიკაციების კომისიის როლსაც, რომელიც ტელევიზიებს მსგავსი ვიდეოების გაშვებას ავალდებულებს.

"კომისია არის გამოხატვის თავისუფლების ჯალათი ამ ქვეყანაში და არა დამცველი" - აცხადებს თამარ კორძაია.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი