ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომ გამოძიებამ მისი მობილურიდან პირადი ინფორმაცია ამოიღო, არ ადასტურებს და ამბობს, რომ რამიშვილი საგამოძიებო მოქმედებებს თავს არიდებს:
უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება ახლა. არანაირი კლონირება, ინფორმაციის გადმოტანა ან სხვა, საქმესთან არაშემხებლობაში რაიმე მონაცემის მოპოვება ჩვენს მიერ არ ხდება.
ამ საქმეში მთავარი ინტერესი უნდა ჰქონდეს თვითონ, ჩვენთან ითანამშრომლოს, შეასრულოს სასამართლოს განჩინება იმ ფარგლებში, რაც ჩვენ მოგვცა და მიიღოს ის მოცემულობა, რომ საგამოძიებო ორგანო ითხოვს მხოლოდ მისი ჩართულობით ყველა ამ მოქმედების ჩატარებას. ის ორჯერ უკვე გაიქცა და არ მიიღო მონაწილეობა ინფორმაციის გამოთხოვაში" ამბობს დავით გუმბერიძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა და თქვა, რომ გამოძიებას მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს იმისთვის, რომ შემდეგ დააშანატაჟონ, ან დაემუქრონ.
მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი გუშინ, 21 სექტემბერს ჩამოართვა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნა.
პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.
რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.