მევახშე მერი | მილიონების შესაძლო გადამალვის სქემა კალაძისგან

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი, პარიზი, ლანეს ბულვარი 49 - სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს ბინა, რომელიც კახა კალაძის კომპანიის „კალა კაპიტალის“ სახელზეა რეგისტრირებული. ეიფელის კოშკიდან ამ მისამართზე მოსახვედრად მხოლოდ 15 წუთია საჭირო. დოკუმენტების მიხედვით, პარიზის ცენტრში, ამ კორპუსის მესამე სართულზე 224 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების შეძენა 3 მილიონ 590 000 ევრო დაუჯდათ. პარიზში მდებარე კალაძეების ბინიდან  პირდაპირ რუსეთის საელჩო ჩანს. 

პარიზის ბინას კალაძის ქონებრივ დეკლარაციაში ვერ ნახავთ, რადგან ის კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და მისი დაფიქსირების ვალდებულება არ აქვს. ღარიბი ხალხის მდიდარმა მერმა სავარაუდოდ ქონების გადამალვის სქემა მოიფიქრა, თუმცა არც ისე წარმატებული და არც ისე რთული. 

"კალა კაპიტალი" ოფიციალურად 2022 წლის მარტში დარეგისტრირდა. ფრანგულ საწარმოთა ეროვნულ რეესტრში კომპანიის წესდებაში პირდაპირ წერია, რომ მისი დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პარიზში ლანეს ბულვარში ბინის შეძენა იყო. სწორედ ამ მარტივი სქემის წყალობით იწონებს თავს დედაქალაქის მერი. 

დოკუმენტების მიხედვით, 2022 წელს კალაძემ კალა კაპიტალის საკუთარი 50%-იანი წილი ცოლს გადასცა და ანუკი არეშიძე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, რაც დეკლარაციაში არ აუსახავს. დოკუმენტებში თბილისის მერი არც იმას უთითებს აქვს თუ რა შემოსავალი „კალა კაპიტალს.“

საინტერესოა, რატომ ცდილობს კახა კალაძე რომ ბინები და ქონება დააგროვოს იმ ევროპაში, სადაც უმსხვილეს ბანკებს ფულს არ ანდობს? ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 4 მილიონ 200 000 დოლარი, რომელიც იტალიური ბანკიდან წამოიღო კალაძემ იურიდიულ პირს ასესხა. თუმცა რომელს, ან რა პირობებით ამას არ უთითებს.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ კალაძეს ბუნდოვანი სესხებით შემდგომში ნებისმიერი სახის უკანონო შემოსავლის გამართლება შეუძლია.

კალაძის დეკლარაციიდან ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრია, რომ მერი ე.წ. მევახშეობითაც არის დაკავებული, რაც შეიძლება მისთვის დამატებითი მილიონების შოვნის შესაძლებლობა იყოს. კალაძეს სხვადასხვა წლებში ლარსა და დოლარში ათასობით დოლარი აქვს გასესხებული.

საკუთარი ოლიგარქის მსგავსად კახა კალაძეს დღეს ერთი საზრუნავი აქვს, გაექცეს სანქციებს და მოხვეჭილი ქონება მაქსიმალურად დაიცვას. კალაძის მილიონების საზოგადოებას აღარ უკვირს, თუმცა უცნაურია, რომ დასავლეთის მაგინებელი მერი რომელიც საქართველოს ევროპაში შესვლას საფრთხეს უქმნის, ახლა მთელ რესურს იმაში დებს, რომ იქ შეძენილი ქონება ყველასგან გადამალოს. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი