დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი - ემიგრანტების ხმების დასაცავად ორგანიზაცია "დაიცავის" ინიციატივით, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და მისცეს უფლება ყველა ემიგრანტს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მოახდინონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზაცია. აქციას უერთდებიან ოპოზიციური ძალებიც.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობს საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილიც. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყველა ემიგრანტს მიეცეს საშუალება, რომ თავისი არჩევანი დააფიქსიროს.
"ყველამ იცის რა რაოდენობის ემიგრანტია და აუცილებელია გაიხსნას უბნები. უცხოეთში არის 350 ათასი ადამიანი, ვისაც აქვს ნება , რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არ შეუძლიათ, რადგან რთულია ერთი ადგილიდან მეორეზე მისვლა. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს გადაადგილებაში, რომ შესაძლებელი იყოს ხმის მიცემა.
არალეგალების შეშინება ძალიან ადვილია, ეუბნებიან, რომ საარჩევნო უბნებთან პოლიცია იქნება, მაგრამ ჯერ ერთი ყველა ევროპული ქვეყნის ელჩმა გამოაცხადა, რომ არანაირი რისკი არაა, მეორე ისაა, რომ კანონი არსებობს ევროპაში, რომელიც იცავს ყველა მონაცემს. არანაირი რისკი არაა და ყველა არალეგალმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
თუ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნებში მონაწილეობა არის ვალდებულება,საჭიროა რომ ყველა ქართველი წავიდეს არჩევნებზე, ეს იქნება პირველი ნაბიჯი დემოკრატიისკენ გადადგმული," - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.