"გახდი დამკვირვებელი" - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მაკა გურგენიძე, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო დიდი პასუხიმგებლობა. როდესაც გაიგო, რომ შეეძლო თავად ყოფილიყო სააჩევნო პროცესის დამკვირვებელი და დაეცვა თითოეული ადამიანის ხმა, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე დამკვირვებლად დარეგისტრირდა და მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთო. შესაბამისი ტრენინგები უკვე გაიარა. იცის მისი უფლებები საარჩევნო უბანზე და კარგად აქვს გააზრებული, რამდენად გადამწყვეტია 26 ოქტომბერი იმ ქვეყნისთვის, რომელიც გარდამტეხ ეტაპზეა.
დამკვირვებელთა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება , თუმცა რაც უფრო მეტი მსურველი დარეგისტრირდება, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი, თითოეული ამომრჩევლის ხმა. მაგალითად კოალიციას "ჩემი ხმა ევროკავშირს", რომლის გარშემოც 30 სამოქალაქო ორგანიზაციაა გაერთიანებული,უკვე 2 000-მდე დამკვირვებელი ჰყავს, მათ შორის არიან როგორც გამოცდილი ადამიანები, ასევე ისინი, ვინც პირველად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს. მათი ტრენინგები შემდეგ კვირაში დაიწყება. რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მატულობს სოციალურ ქსელებში ვიდეოები, სადაც დამკვირვებლების არსებობასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანები.
პარალელურად, "ხმის გუშაგები“ უკვე 400-მდე დამკვირვებელს აერთიანებს. ტრენინგები ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. მსურველებს შორის იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, მათ შორის ისინი, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქამდე არ ჰქონია. მოხალისეებს შორის კი ჭარბობენ ახალგაზრდები და ის ადამაინები, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე წელს პირველად შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება.