"ცოდნის ყულაბა" - "კოალიცია ცვლილებისთვის" მოსახლეობას განათლების სისტემაში რეფორმის ახალ პროექტს სთავაზობს. ოპოზიციური ერთობის ეს პროექტი ბაღის აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასწავლო ვაუჩერებს გულისხმობს, ასევე, რეფორმის პროექტში გათვალისწინებულია უფასო კვება სკოლის მოსწავლეებისთვის.
ცნობილია, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის" რეფორმის პროექტი განათლების ყველა საფეხურს ეხება. როგორც კოალიციაში, განათლების საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრები ამბობენ, რეფორმის პროექტის თანახმად, 2028 წლისთვის, ბაგა-ბაღებში სწავლის დასაფინანსებლად დარიცხული თანხა 2500 ლარი იქნება, სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად დარიცხული თანხა - 5000 ლარი, პროფესიული განათლების მისაღებად დარიცხული თანხა 3000 ლარი, უმაღლესი განათლების მისაღებად დარიცხული თანხა კი 5000 ლარი იქნება.
"მთავარი მოტივაცია პოლიტიკაში ყოფნის არის განათლების სისტემა, განათლების დაფინანსება და ზოგადად, საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიც სახელმწიფოს აქვს. არც კი მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ საქართველოს მე-19 საუკუნის, მაგალითად, მე-18 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისის ისტორიაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამე ყოფილა, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.