შპს „მონოლითი 2005“ და შპს „ბონდი-2009“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა.
ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული.
2010 წლიდან შპს „მონოლითი 2005“-მა და შპს „ბონდი-2009“-მ ჯამში 294 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2021 წლის კვლევის თანახმად, აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა 164 მლნ ლარი მიიღეს.