საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, თუმცა ელჩი ამბობს, რომ გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება ნაკლებად სავარაუდოა:
"ჩემი როლი არ არის ქართველებისთვის იმის კარნახი, თუ ვის უნდა მისცენ და ვის არ უნდა მისცენ ხმა. ეს ნამდვილად თქვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა იქნება. თუმცა, ჩემი როლი არის, რომ ყველას მკაფიოდ ვუთხრა, რა ეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესში და რა უშლის ხელს. სწორედ ამას ვაკეთებ აქ ყოფნის პირველივე დღიდან, რადგან, როგორც ვიცით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც გამყარებულია თქვენი კონსტიტუციით და მხარდაჭერილია პოლიტიკური პარტიების უმეტესობის მიერ. მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი და ჩემი როლია ასევე, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ პროცესს დავეხმარო.
თუმცა, ახლა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რა რეფორმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ერთი წლის წინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა გაფართოების მოხსენება, სადაც დეტალურად ჩამოთვალა, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ჩამოვწერეთ 9 ნაბიჯი, ეს მხოლოდ ერთი გვერდია და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს.
სამწუხაროდ, გასული რამდენიმე თვე დაიკარგა და ნაცვლად პროგრესისა იმ რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა, ჩვენ ვიხილეთ საზიანო ქმედებები, მათ შორის კანონების მიღება, რომლებიც არათუ არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ნორმებსა და ღირებულებებს. ესენია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მე იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ სწრაფად აღმოვფხვრით ჩამორჩენას და საქართველო გადავა მოლაპარაკებებზე გაწევრიანების შესახებ.
[...]
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვა კარგი გზავნილი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვღელავთ საქართველოზე და აქ არსებულ მდგომარეობაზე. გულსატკენია, რომ ევროპის წინა საბჭოზე საქართველოს წევრობის პროცესის დაპაუზება ევროკავშირის ყველა წევრმა ერთად გადაწყვიტა. ეს მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური რიტორიკის გამო, ძალიან დრამატული განვითარებაა, მაგრამ ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღევანდელი ურთიერთობის რეალობა, რაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შეიცვლება არჩევნების შემდეგ. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ველოდებით გაფართოების მორიგ მოხსენებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც იქნება ალბათ არჩევნებამდე დღით ადრე, ან რამდენიმე დღით გვიან. ნაკლებად სავარაუდოა, ახალი რეზოლუცია პოზიტიური იყოს და ასე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილებაც კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა" განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.