
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკელ კოლეგას, რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა. ვიზიტის დროს სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების იდეის მიმართ.
ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ექნებათ.
"ჩვენ არ შეგიქმნით დაბრკოლებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იქნებიან ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი იქნებიან, რომ უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას ღიად და გარკვევით ვამბობ", - განაცხადა ფიცომ.
მან დასძინა, რომ სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის და მის "სამშვიდობო გეგმას". ფიცოს თქმით, სლოვაკეთი დაინტერესებულია უკრაინის აღდგენით და კეთილმეზობლური ურთიერთობებით.
იქამდე, STVR-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არასდროს დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ვიდრე მე ვიქნები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ დეპუტატები, რომლებზეც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასდროს დათანხმდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.