„საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას“ | "რადიო თავისუფლება" ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.

ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

„ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. ევროპელი ლიდერები ხმას მისცემენ დოკუმენტს, რომელიც წინასწარ შეიმუშავა ევროკავშირის საბჭოს სამდივნომ და რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

„ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორ ჩანაწერს ვხვდებით. მათგან პირველში ნათქვამია, რომ ევროკავშირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ გარემოში ჩატარებას ელის, მეორეში კი ხაზგასმულია ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი