პროკურატურა რამიშვილის წინააღმდეგ - ბაჩალიაშვილები ადვოკატის დაკავებას არ გამორიცხავენ

გამოქვეყნდა:

არ არის გამორიცხული საგამოძიებო უწყებამ ბაჩალიაშვილის და ციანიდის გახმაურებული საქმეების ადვოკატს ბრალად მტკიცებულებების გაყალბება წაუყენოს. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც ადვოკატს სპუტნიკ საქართველოს დამფუძნებელმა დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა გახმაურებული საქმის ადვოკატის დაკავებას არ გამორიცხავს. თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მათი ოჯახის ინტერესების დამცველი სწორ კვალზე გავიდა, პროკურატურას კი არ სურს, რომ 23 წლის პროგრამისტის საქმე მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიციროს. რამიშვილის დაკავება  ამ საქმიდან მისი ჩამოშორების ერთადერთი გზა იქნება. 

მზეწოლასა და დისკრედიტაციაზე საუბრობს რამიშვილიც. მისი მტკიცებით, პროკურატურა ცდილობს, მის წინააღმდეგ შესაბამისი მასალები არაკანონიერი გზით მოიპოვოს. სწორედ ამ მცდელობას უკავშირებს ადვოკატი გუშინდელ გამოკითხვას პროკურატურაში და დღევანდელ ექსპერტიზას სამხარაულში. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რამიშვილმა დღეს პროტესტის ნიშნად იმის გამო დატოვა, რომ მისი მტკიცებით, პროკურატურამ მისი დალუქული მობილურიდან პირადი მიმოწერა და ფოტოები ამოიღო.

სხვაგვარ განმარტებებს აკეთებს საქმის პროკურორი. დავით გუმბერიძის მტკიცებით, გამოძიება მხოლოდ სატელიტის იმ ფოტოებით არის დაინტერესებული, რომელიც რამიშვილმა გამოძიებაში მტკიცებულების სახით წარადგინა და რომელიც ექსპერტიზით ყალბი აღმოჩნდა. გუმბერიძე ამბობს, რომ რამიშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არ აპირებენ. რამიშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აზუსტებს, რომ სურთ დაადგინონ რა აკავშირებს პროგრამისტის საქმის ადვოკატს სპუტნიკ ჯორჯიას დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძესთან, რომელმაც რამიშვილს ყალბი მტკიცებულებები გადასცა. 

მიხეილ რამიშვილისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევას და მისი პირადი ინფორმაციის პროკურატურის ხელში გადასვლას უკანონოდ მიიჩნევენ ადვოკატები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სასამართლოს იმ განჩინების შესწავლას გეგმავს, რომლის საფუძველზეც რამიშვილს ტელეფონი ჩამოერთვა. 

რა მიზნები აქვს პროკურატურას, რატომ ცდილობს ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმიდან ისრების რამიშვილზე გადატანას პროკურორს ამ კითხვებისთვის არ უპასუხია.  იგეგმება თუ არა დავით ფურცხვანიძის დაკავება, რომელიც გამოძიებას პირად ტელეფონს უმალავდა და გაიზიარებს თუ არა იმავე ბედს მიხეილ რამიშვილი ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატის მიერ ჩაშლილი ექსპერტიზა დასრულდება და პროკურატურა მორიგ ბრიფინგს ჩანიშნავს

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი