აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ციხის თანამშრომელმა ტელეფონით შეატყობინა და უთხრა, რომ მასთან საუბარი იმ დროისთვის შეუძლებელი იყო.
სევინჩ სადიგოვა განმარტავს, რომ აზერბაიჯანში ყოფნისას აფგან სადიგოვი 242 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ახლა მისთვის შიმშილი საშიშია.
"გუშინ, 7 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათზე დამირეკა ერთმა კაცმა, რომელმაც მითხრა, რომ აფგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე ვკითხე, ვის ველაპარაკები-მეთქი და მიპასუხა, რომ იმ ციხის თანამშრომელია, რომელშიც აფგანი იმყოფებოდა. მე ვუთხარი, რომ აფგანის ხმის მოსმენა მინდოდა, ძალიან ავნერვიულდი, მან კი მიპასუხა, ახლა შეუძლებელია, მაგრამ როგორც კი შესაძლებელი იქნება, თავად დაგირეკავთო.
4 ოქტომბერს, როდესაც ჩემი ქმარი ბოლოს ვნახე, ციხის თანამშრომლების დახმარებით მოვიდა, იმიტომ რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ის უკვე 18 დღეა შიმშილობს და ალბათ ამის გამო გახდა ცუდად. აზერბაიჯანში ერთხელ 242 დღე შიმშილობდა, რის გამოც ჯანმრთელობა გაუუარესდა და ახლა მისთვის შიმშილობა საშიშია.
მე ახლა ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ გუშინ მასთან არ მალაპარაკეს და მგონია, რომ ძალიან ცუდად არის. ამ შიმშილობამ შეიძლება ის მოკლას. ილჰამ ალიევმა შეკვეთა მისცა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა ახლა ამ შეკვეთას ასრულებს. აზერბაიჯანიდან მეც მემუქრებიან, რომ ჩემ შვილებს პრობლემები ექნებათ, თუ ბევრს ვილაპარაკებ, ამიტომ, ძალიან მეშინია," - ამბობს სადიგოვა "მთავარ არხთან".
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 21 სექტემბერს მიმართა. გუშინ, 7 ოქტომბერს კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.