"მოველით, რომ "ქართული ოცნება" დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლებას მშვიდობიანად დათმობს" | რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებში?

გამოქვეყნდა:

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ევროპარლამენტარები სესიაზე ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ. საკითხები ყველა იმ პრობლემატურ თემას შეეხება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

განხილვა თბილისის დროით დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყება და მოხსენებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წარდგება.

ამ დროისთვის განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დარეგისტრირებულია რეზოლუციის 7 სხვადასხვა პროექტი. სავარაუდოდ დღის ბოლომდე შეჯერდება პროექტის ის ვერსია, რომელსაც კენჭს ევროპარლამენტარები უკვე ხვალ უყრიან.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი:

"მოველით, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლებას მშვიდობიანად დათმობს; მოვითხოვთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები, რასაც ისინი ახორციელებენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;

ვთვლით, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება, თუ არჩევნების ჩატარება არ იქნება შესაბამისობაში მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და თუ ეჭვქვეშ დადგება საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმი.

კვლავაც ვუცხადებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებსა და მათ სურვილს იცხოვრონ წარმატებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში. ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე;

ვგმობთ აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობას, შეარყიოს ქვეყნის დასავლური კურსი რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ; ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.

მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ და დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ვინც მონაწილეობს პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და ავრცელებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას; მივესალმებით აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს

ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან."

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის რეზოლუციის პროექტი:

"შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის მიმართ დაშინებისა და ძალადობის უწყვეტი და უაღრესად შემაშფოთებელი შემთხვევებით, აგრეთვე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული შემდგომი რეპრესიების მუქარით დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადებისა და განსხვავებული აზრის გაჩუმების თაობაზე;

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი და შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველომ საკუთარ თავზე აიღო. ვაფრთხილებთ, რომ არ მოხდეს ამ არჩევნების ჩატარებასა თუ შედეგებში ჩარევის მცდელობები;

ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერება მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებისა და დომინანტი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შემდეგ უნდა განიხილებოდეს;

ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და სწორედ მთავრობამ უნდა აგოს პასუხი მასზე მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის; მტკიცედ ვიმეორებთ სასწრაფო მოთხოვნას მისი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ;

ვწუხვართ, რომ ევროპარლამენტარებს წარსულში არ მიეცათ პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისი პატიმრობის პირობების შესაფასებლად; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალონ თავიანთი პოზიცია და დაუშვან ევროპარლამენტარების ვიზიტები."

განახლების ჯგუფის რეზოლუციის პროექტი:

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომისიას, სასწრაფოდ შეაფასოს საქართველოს კანონმდებლობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", ასევე გენდერული კვოტების გაუქმებისა და სხვა ცვლილებების შესახებ, მის საარჩევნო კანონმდებლობაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ზოგადად, გავლენას ახდენს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც EU-ის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;

ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი