საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მხოლოდ დავით ფურცხვანიძის მიერ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაცია ამოიღეს და ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა არ მომხდარა. ამ თემაზე პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით, - წერია მათ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, 21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები.
მათივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა, - წერს უწყება.
პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.