ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრს ბიზნესის წართმევასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ძმებ ცაძიკიძეებსა და ძმებ თამარაშვილებს. ბიზნეს გარჩევებში ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა" მონაწილეობდა. ჟურნალისტური გამოძიება რადიო თავისუფლებამ ჩაატარა.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, თელაველმა მეღვინე ძმებმა ლევან და დავით თამარაშვილებმა 600 ჰექტარი მუნიციპალური მიწის ორწლიანი იჯარა ახმეტის მერიის საჯარო აუქციონზე მოიგეს. აღნიშნულ მიწაზე ძმები ხორბლის მოყვანას აპირებდნენ. ადგილზე ჩასულებმა კი აღმოაჩინეს, რომ მიწის ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს ძმებ ციძაკაძეებს ჰქონდათ მითვისებული და ხორბალი მოჰყავდათ.
ცაძიკიძეებისგან მიწის დაბრუნება მარტივად ვერ მოხერხდა და თამარაშვილმა ახმეტის გამგეობაში სცადა საქმის მოგვარება, სადაც ერთ-ერთი მისვლისას გაიცნო გიორგი გოგოთიძე და შემდეგ რამაზ ივანაძე. ისინი საქმის მოგვარებას ზურაბ გონაშვილის მეშვეობით შეჰპირდნენ, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახის ახლობელია. (ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტარიელ ღარიბაშვილის დეიდაშვილის შვილი, თუმცა დედოფლისწყაროში მას ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძად და "ღარიბაშვილების მოურავად" მოიხსენიებენ.)
გონაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან, თამარაშვილებმა შვილობილი შპს-ს "ელდარი ჯგუფის" 75% ახალ მფარველებს აჩუქეს.
ცაძიკიძეს მისი დათესილი ხორბლის მოსავლის დათმობა მოგვიანებით, დავით თამარაშვილისა და მისი ახალი პარტნიორებისთვის, მათ შორის - პრემიერ ღარიბაშვილის ბიძისთვის, ხელჩართული ჩხუბის შედეგად მოუწია.
2023 წლის დეკემბრიდან დავით თამარაშვილის გავლენიანმა პარტნიორებმა მასთან კონტაქტი შეწყვიტეს და ცაძიკიძეებისგან დაბრუნებულ მიწაზე ხორბალიც მის გარეშე დათესეს და მოსავალიც მის გარეშე აიღეს.
იჯარიდან უკვე ორი წელი გავიდა, ახმეტის გამგეობასთან ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და თამარაშვილის კომპანიას 531 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.
გონაშვილი რადიო თავისუფლებასთან აღნიშნულ ბიზნესთან კავშირს უარყოფს. კაკაშას დავით თამარაშვილი მის გაკოტრებამდე მიყვანაში ადანაშაულებს. გიორგი ციძაკაძე კი მისი დავალებით სასტიკად ცემაში. გიორგი ცაძიკიძეს გასულ წელს საზღვარგარეთ გაქცევა მოუწია და ამ დრომდე იქ ცხოვრობს.
დავით თამარაშვილი, ძმები ცაძიკიძეები, დღეს ერთხმად ამბობენ, რომ მათი დაპირისპირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის, საპარლამენტო სიის მე-3 ნომრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლებმა ისარგებლეს და დღეს მათ ელდარში სახელმწიფო მიწებზე მოჰყავთ ხორბალი.
რადიო თავისუფლებამ ელდარის მიწებთან დაკავშირებულ ბიზნესგარჩევებსა და სახელმწიფო ქონების დატაცებაზე კითხვებით ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ ბრალდებები ღარიბაშვილის ნათესავების წინააღმდეგ აბსურდულია.
რადიო თავისუფლებას ზურაბ გონაშვილის კომენტარიც მოჰყავს.
ზურაბ გონაშვილს, იმავე „კაკაშას“, რადიო თავისუფლებამ ძმები ცაძიკიძეების ბრალდებებზე ჰკითხა. „საცემი კი არა, მოსაკლავი იყო“, თქვა „კაკაშამ“ გიორგი ცაძიკიძეზე, თუმცა მის ცემასთან კავშირი უარყო. მოკლე საუბრის დასასრულს მან პირჯვარი გადაიწერა, თქვა „ადამიანს უნდა ეშინოდეს და წამდეს მარტო ღმერთის. ისე მაგათ სუყველაფერს შე***ცი მე“, მანქანა დაძრა და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
რადიო თავისუფლებამ ელდარის მიწებთან დაკავშირებულ ბიზნესგარჩევებსა და სახელმიწფო ქონების დატაცებაზე კითხვებით ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარის პრესსამსახურმა უპასუხა, რომ ბრალდებები ღარიბაშვილის ნათესავების წინააღმდეგ აბსურდულია.