ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რამდენიმე ტენდერი აქვს გამოცხადებული.
პარლამენტის ყოფილი შენობის ინტერიერის დიზაინის პროექტირებისთვის 754 ათასიან ტენდერში წინადადებების მიღება 10-15 ოქტომბერს უნდა მოხდეს. გარე ტერიტორიის (Design-Build) მეთოდით კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის 2.6 მილიონიან ტენდერში კი წინადადებების მიღების ვადა 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდეა.
მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად ჯამურად 12 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს. პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად GITA-მ ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს და ამისთვის 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი უნდა გაითვალისწინოს. 2025 წლის ბიუჯეტში ჰაბის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარი უნდა იქნას გათვალისწინებული.
პარლამენტის გამჭვირვალე შენობა ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.
შენობა უფუნქციოდ 2018 წლიდანაა. 2018 წელს "ქართული ოცნების" მთავრობა შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას აპირებდა, ხოლო 2019 წელს შენობის გაყიდვას ცდილობდა.
ქონება სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზე იყო, მათი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში ქონების მოვლა-პატრონობის ხარჯი 1.7 მლნ ლარს აჭარბებდა, რაც საშუალოდ წლიურად 850 ათასი ლარია. 6 წლის განმავლობაში აქტივის შენახვა ბიუჯეტს და შესაბამისად გადასახადის გადამხდელებს მინიმუმ 5 მლნ ლარი დაუჯდა.
ამ ფონზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოფილი საპარლამენტო ქალაქის მოსახლეობა დრამატულად შემცირდა. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. როგორც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, ქუთაისის, ისევე როგორც სხვა ქალაქების მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული ემიგრაციაა.
ავტორი: ნინო ზედგენიძე