რუსეთში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის გარდაცვალების საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში ეტაპირების დროს გარდაიცვალა.
"10 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშინას სიკვდილის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობა", - წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.