გორის საკრებულოს თავმჯდომარე მზაობას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ, კოალიციურ მთავრობასთან ითანამშრომლოს - გორელმა დეპუტატებმა გადამწყვეტ არჩევნებამდე ბოლო სხდომა ჩაატარეს და ახლა ქართველი ხალხის ვერდიქტს ელოდებიან.
"მე არავისთან თანამშრომლობა არ მიჭირს, თქვენ კარგად იცით, მაგრამ აქ სხვა მომენტია, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ნამდვილად ჯობია რომ დარჩეს ის ხელისუფლება რომელიც არის." - აცხადებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე ქართული ოცნებიდან დავით რაზმაძე.
მისგან განსხვავებით, გორის საკრებულოს წევრი ოცნებიდან კობა ბერიანიძე ამბობს, რომ არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს და ხელისუფლება არც არასდროს შეიცვლება.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობებში სადაც მომდევნო ერთი წელი სადავეები კვლავ ოლიგარქის პარტიას რჩება, “ოცნების” წევრები პოლიტიკური შეხედულებების შეცვლას მასობრივად შეეცდებიან.
"გორის საკრებულოს თავმჯდომარისგან და მისი მოადგილეებისგან არავის გაუკვირდება ეს მზაობა ახალი ხელისუფლების მისამართით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს ხელისუფლებასთან შესანიშნავად თანამშრომლობდნენ,"- განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან" ანი ბალიაშვილმა.
"ოცნების" წევრი ჩინოვნიკების ფერისცვალების მოლოდინი აქვს გორის საკრებულოს წევრს გახარიას პარტიიდან მამუკა ფანიაშვილს.
"რა თქმა უნდა, ფერისცვალება იქნება, იმიტომ რომ "ქართული ოცნების" შემადგენლობაში არიან წევრები რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და ფერი იცვალეს, ბუნებრივია ხელისუფლების ცვლილების შემდგე კიდევ იცვლიან ფერს," - აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.