პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს | რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში ზურაბიშვილის ინიციატივას

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას გეგმავს - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ქარტიის" ფარგლებში მან ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს, თუმცა პრეზიდენტს  არ დაუსახელებია კონკრეტული  პირები, ვინც ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში იქნება. პრეზიდენტის ინიციატივას "ქართული ქარტიის" ხელმომწერ ოპოზიციაში ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნები.

პრეზიდენტის ინიციატივას სრულად ეთანხმება "კოალიცია ცვლილებისთვის" და გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ისინი მხარს უჭერენ ტექნიკური მთავრობის დასახელებას.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი რისკებიც.

"მე არ ვიცი რას გამოიწვევს არჩევნებამდე კანდიდატების დასახელება, თუ ეს გამოიწვევს საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენებას, მოქალაქეებთან კომუნიკაციის შეფერხებას და პარტიების სხვა საკითხებით დაკავებას, მაშინ როდესაც დარჩენილ 2 კვირაში არჩევნებს უნდა ვიცავდეთ, მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ვიყოთ და ოცნებისგან თავი გვაქვს დასაცავი - რა თქმა უნდა პრობლემა იქნება, მე დარწმუნებული ვარ რომ სალომე ზურაბიშვილი გაითვალისწინებს იმიტომ რომ მან იცის ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან გათვალისწინებით რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია." - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" მიესალმება  პროდასავლური ოპოზიციის ქარტიის ქვეშ გაერთიანებას და აცხადებენ, რომ ისინი ამ ქარტიის ერთგული რჩებიან. როგორც კოალიციის წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა მთავარი "ქართული ოცნების" დამარცხებაა, მთავრობის კონფიგურაციის შესახებ  გადაწყვეტილება კი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევანის გაკეთების შემდეგ უნდა მოხდეს.

"ქართული ქარტიის" ერთგულებას ადასტურებენ "ერთიანობა -ნაციონალურ მოძრაობაშიც," თუმცა აცხადებენ, რომ  მთავრობის დაკომპლექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

"ქართული ქარტიის ერთგული ვრჩებით, თუმცა ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი და პრიორიტეტი არის ქართველ ხალხთან ერთიანობით გამარჯვების მოტანა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტთან ერთად, სხვა პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობით ჩვენ აუცილებლად შევკრავთ კოალიციურ მთავრობას,"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი