"ნუ დაეჯახებით ნათიას" | ველისციხის გამგებელი თანასოფლელებისგან "ტილიანი 41"-ის გაფერადებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ტილიანი 41"  - ასე ახასიათებს სოფელ ველისციხის გამგებელი "ქართულ ოცნებას". თავადაც ქართული ოცნების წარმომადგენელი ნათია თათარაშვილი ამ სიტყვებით საუბრისას ადგილობრივებს არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერას სთხოვს.

გამგებლის თანამშრომელი, სოფლის ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალისტი, თამარ ფეიქრიშვილი კი მოსახლეობას ურჩევს ნათია თათარაშვილს არავინ დაუპირისპირდეს. 

"მოერიდეთ სიტუაციებს, იმიტომ რომ თქვენ გაებმებით მახეში და ჯობია მოერიდოთ სიტუაციებს. იმიტომ რომ ნათიამ გააკეთა რაც არავის გაუკეთებია ამ სოფელში და ნურავინ ნუ დაეჯახებით რა, არავის არ გისურვებთ გთხოვთ" - ისმის ჩანაწერში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, ფეიქრიშვილის ხმა. 

მოსყიდვისა და იძულების ფაქტს ორივე უარყოფს და მეტიც ხატზე დაფიცებით ამტკიცებენ, რომ მართლები არიან. არასასურველი კითხვების დასმის შემდეგ საჯარო მოხელემ, თამარ ფეიქრიშვილმა აგრესიასთან ერთად, ვერც ზიზღი დამალა. 

სოფელში კი ბევრს საუბრობენ, რომ გამგებელი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და არ ეხმარება. რეგისტრაციის ადგილმონაცვლეობის გამო საჯარო დაწესებულებაში მისულ მოქალაქეს, ხათუნა სართანიას ნათია თათარაშვილი დახვდა და შეურაცხყოფა მიაყენა. გამგებელმა სამეგრელოდან ველისციხეში გათხოვილ ქალს მისი პოზიციის გამო რეგისტრაციის საბუთი არ მისცა, რომ სოფლის საარჩევნო სიაში არ გამოწერილიყო. 

ის, რომ კახეთში  წინასაარჩევნოდ კანონდარღვევები ხდება,  ამას ადგილობრივებიც არ მალავენ. მოქალაქეების მოსყიდვა, შანტაჟი, იძულება, პირადობების ჩამორთმევა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც რეგიონში არჩევნებამდე 12 დღით ადრე ხდება. საჯარო მოხელეებმა კი დანაშაულების ჩადენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში ჩავიდა და დახურულ კარს მიღმა მათ შეხვდა. 

1 კვირიანი მონიტორინგის შემდეგ, სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" გამოავლინა, რომ  რეგიონებში სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეების, ნების საწინააღმდეგოდ, პირადობის მოწმობებს ართმევენ. პარალელურად ხდება სხვა დანაშაულებიც, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

ყველა ჩამოთვლილი მკაცრი სასჯელით ისჯება. საგამოძიებო უწყებები კი კანონდარღვევაზე თვალს ხუჭავენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი