საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს მასიურად სთხოვენ პირად მონაცემებს | "საიდუმლო სია" და წინასაარჩევნო დარღვევები

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფაქტები, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის , პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, ამომრჩევლების ნებაზე ზეწოლისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობები, ასევე მედიაზე ზეწოლის ფაქტები - სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" ყველა ის დარღვევა შეისწავლა, რაც ამ პერიოდში გამოვლინდა. 

როგორც ლონდა თოლორაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მასიურად სთხოვენ პერსონალურ მონაცემებს:

"როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს მასიურად სთხოვენ "ოცნების" სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები გადაეცეს მმართველ პარტიას. საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა  და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები" აღნიშნა თოლორაიამ. 

მისივე თქმით, ვრცელდება ცნობები, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მათი მშობლების პირად მონაცემებს სთხოვენ, რაზეც სადამკვირვებლო მისია განათლების სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რადგან უწყებას ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების საჭირო მონაცემები ისედაც აქვს. 

"ჩემი ხმა" აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები სსკ-ის რამდენიმე მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველია, თუმცა შესაბამისი ორგანოები ამ დრომდე არაფერს აკეთებენ. სადამკვირვებლო მისია მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

გარდა ამისა, "ჩემი ხმა" ყურადღებას ამახვილებს ქართული ოცნების შემომწირველებზეც და აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულმა მოკვლევა უნდა დაიწყოს იმ კომპანიებსა და პირებზე, რომლებმაც ბოლო პერიოდში დამატებით  592 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან თუ სახელმწიფო შესყიდვებიდან მათ 17 მილიონამდე სუბსიდიები აქვთ მიღებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ  გარიგებებთან.

ლონდა თოლორაია გამოეხმაურა კრიტიკული მედიების დაჯარიმების ფაქტებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან:  

"შემაშფოთებელია კომუნიკაციების კომისიის ქმედებები კრიტიკული არხების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მანიპულაციური შინაარსის რეკლამის გაშვებაზე უარის თქმა სამი არხის "ფორმულას", "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" მხრიდან კანონიერი ქმედება იყო, მარეგულირებელმა ისინი მაინც დააჯარიმა" - აღნიშნა თოლორაიამ და ბექაურის კომისიას მაუწყებლობის შესახებ კანონი შეახსენა, რომლითაც იკრძალება არასანდო, არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური, ყალბი, ომისა და ძალადობის პროპაგანდისტული საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვება.

რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლებს - თოლორაიას ინფორმაციით, ამ დროისათვის დამკვირვებლობის სურვილი გამოთქვა 3335-მა მსურველმა, მათთან მიმდინარეობს გასაუბრებები, ხოლო უკვე შერჩეულ 800 მსურველს, 25 ტრენინგი ჩაუტარდა.

დამკვირვებლობის მსურველთა რეგისტრაცია ვებგვერდზე www.wevote.ge - 19 ოქტომბრამდე გრძელდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი