"კატეგორიულად ვითხოვ, დამანახეთ ერთი ტილიანი 41 როგორ მომიხაზეთ" | ზეწოლა ამომრჩევლებზე და ველისციხის რწმუნებულის სატელეფონო საუბარი

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 12 დღით ადრე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სატელეფონო საუბარი "მთავარმა არხმა" მოიპოვა. ჩანაწერში ისმის, რომ  ის ერთ-ერთ ამომრჩეველს 41 - ის გაფერადებას აიძულებს. 

ნათია თათარაშვილი და გამგეობის ერთ- ერთი სპეციალისტი, თამარ ფეიქრიშვილი მოქალაქეებს შანტაჟისა და მუქარის ფონზე  “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმების მოპოვებას სთხოვენ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებს კი პირადობებს ართმევენ. 

"გავდივარ სიებს. შენ ოჯახზე ვიღებ პირადად მე პასუხისმგებლობას, პრეტენზია ხო არა გაქ? ერთი მოთხოვნა მაქვს- უჩემოდ არ შეხვალთ შენ და შენი ცოლი საარჩევნო უბანზე...დამირეკე და იქ დაგხვდები...
მოქალაქე: მასე რომ არ შეიძლება?
თათარაშვილი - ჩემთვის შეიძლება... მე თუ უნდა გადმოგყვეთ თან, არავისგან არაფერს არ ვითხოვ და არც აქამდე შემომხსნია კარები, ეხლა კატეგორიულად ვითხოვ, რომ მე მჭირდება ხმები იმიტომ რომ პროცენტი უნდა დავდო. მე ხო დაგანახეთ ჩემი სიკეთე, ეხლა თქვენ დამანახეთ ერთი ტილიანი 41 როგორ მომიხაზეთ. მეტი არაფერი არ მინდა" ისმის ჩანაწერში. 

იმის გამო, რომ "ოცნებას" არ აძლევს ხმას, თათარაშვილმა ერთ-ერთი ამომრჩეველი დასაჯა  და არ მისცა სარეგისტრაციო დოკუმენტი, რის გამოც ქალი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველი სამეგრელოდანაა, თუმცა ხმის მიცემა ველისციხეში უწევდა.

"მთავარი არხი" იმყოფებოდა ველისციხის ტერიტორიული ორგანოს შენობაში, სადაც კამერის გამოჩენისა და კითხვების დასმას თათარაშვილისა და ფეიქრიშვილის გაღიზიანება მოჰყვა. სატელეფონო ჩანაწერის მიუხედავად, მათ ყველაფერი უარყვეს.  

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, მიხეილ ბეჟანიშვილის განცხადებით, სახელისუფლებო პარტია კახეთში არასაკმარისი მხარდაჭერის  გამო ზეწოლასა და შანტაჟზეა გადასული :

"ზეწოლა არის პირადობების წართმევა 50 ლარის სანაცვლოდ. ჭრები გადაუხურეს იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის მიეცათ ხმები, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს ადამიანები ატყუებენ და მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მიაცემინონ ხმები. დავალება აქვთ მიცემული. სამი დღის წინ ღამე ჰქონდათ შეხვედრა, სადაც გაშალეს სუფრა დაა მიიღეს დავალებები და ასრულებენ ამ დავალებებს" ამბობს ბეჟანიშვილი. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი