ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის თბილისში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფს" 250 000 ლარის კონტრაქტი, ტენდერის გარეშე პირდაპირი წესით, გაუფორმა.
ხელშეკრულება 2024 წლის 23 სექტემბერს პირდაპირი გზით გაფორმდა. მისი მიხედვით, თანხები გაეროს ორგანიზაციიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრებს უნდა მოხმარდეს, თუმცა დოკუმენტში არ წერია, თუ რა ტიპის ვიზიტებზე და ღონისძიებებზეა საუბარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გაეროს წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისში, ეს პერიოდი ტურიზმის დღის აღნიშვნას ემთხვევა. სავარაუდოდ, სააგენტომ რამდენიმე თვით ადრე იცოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე და თავისუფლად შეეძლო ტენდერი ჩაეტარებინა.
"ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებას, ამჯერად საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 250 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა მის სასტუმრო "პარაგრაფს" თბილისში და ეს ხელშეკრულება არის ერთ პირთან მოლაპარაკებით, ანუ გამარტივებული წესით. მაშინ, როდესაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია აღნიშნულ მომსახურებაზე ჩაატაროს ტენდერი და ამ ტენდერში სხვა კომპანიებსაც მისცენ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანა არის კორუფციაში და ყველა საჯარო სამსახური, ასე ვთქვათ, ვალდებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს გაუწიონ ანგარიში," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ბესიკ დონაძემ.
"მთავარმა არხმა" ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, რატომ გადაწყვიტა, რომ ივანიშვილის სასტუმროსთვის გაეფორმებინა ხელშეკრულება, თუმცა უწყებას პასუხი ჯერ არ გაუცია.