მოქალაქეების პირადი მონაცემები "ქართული ოცნების" ხელში | ოლიგარქის გუნდის მზადება არჩევნების გასაყალბებლად

გამოქვეყნდა:

რა ხდება პარტიულ ოფისებში და საარჩევნო შტაბებში, რა ინფორმაციას აგროვებენ და ამუშავებენ ამომრჩევლებზე "ქართული ოცნების" კოორდინატორები - როგორ აწარმოებს "ოცნება" რეალურად საარჩევნო კამპანიას და რა არის მისი მთავარი ინტერესი - ამ შეკითხვებზე პასუხს გამოცემა "ბათუმელების" სტატიაში იპოვით. ჟურნალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები "ქართული ოცნების" ოფისიდან მოიპოვა, წერს რომ მმართველი პარტია ათეულობით ათას მოქალაქეზე განსაკუთრებული კატეგორიის პირად ინფორმაციას ფლობს. 

კონფიდენციალური წყაროსგან მიღებული დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე ჟურნალისტი წერს, რომ ამ წუთებშიც "ქართული ოცნების" რომელიმე ოფისში თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს. პარტიული თანამშრომლები ადგენენ სპეციალურ დოსიეებს და თქვენი სახელისა და გვარის ქვეშ წერენ - როგორია თქვენი სოციალური სტატუსი, სტუდენტი ხართ თუ დასაქმებული, როგორი პოლიტიკური გემოვნება გაქვთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, ხართ თუ არა ნასამართლევი, პრობაციონერი ან ერთხელ მაინც მოხვედრილი დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე, ხართ თუ არა ნარკოდამოკიდებული და რა დამოკიდებულება გაქვთ კრიმინალურ სამყაროსთან, აღიარებთ თუ არა ავტორიტეტებს. 

"ბათუმელების" ჟურნალისტი წერს, რომ ბლანკებში, რომელსაც "ქართული ოცნების" პარტიულ ოფისებში ავსებენ, ინფორმაცია თქვენზე ბევრი მიმართულებით ხვდება. მაგალითად, დეტალურად წერენ, გისარგებლიათ თუ არა ოდესმე სახელმწიფო დახმარებით. დაუფინანსებიათ თუ არა სახელმწიფოს თქვენი სწავლა ან სამედიცინო მანიპულაცაიები. რომელი სუბსიდირების პროგრამით დაგიმუშავებიათ მიწა და სხვა. არასამთავრობო ორგანიაზიები, რომლებიც საარჩევნო თემატიკაზე აქტიურად მუშაობენ, ამბობენ, რომ მსგავსი მოცულობის ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება პარტიას თუნდაც მმართველს კანონიერად არ შეუძლია. 

"ბათუმელების" ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფა, რომელიც თქვენზე შედგენილ დოსიეშია, თქვენს მეთვალყურედ მოჩენილ ადამიანებს ეხება. ანუ პარტიას ყავს ე.წ. გავლენის მქონე ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამომრჩეველთან ან ჯგუფთან მუშაობს, უფრო ზუსტად მათზე გავლენის მოხდებას ცდილობს. იურისტები ამბობენ, რომ სტატიაში მოცემული ფაქტები საგანგაშოა და მათზე სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს. თუმცა ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით დარწმუნებულები არიან, რომ პერსონალური მონაცემების მასშატბური დარღვევის ეს ფაქტებიც რეაგირების გარეშე დარჩება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი