"ოცნების" ხელისუფლების მორიგი თავდასხმა პრეზიდენტზე | იუსტიციის სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოკვლევას იწყებს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის წინააღმდეგ მოკვლევას იწყებს - რატი ბრეგაძემ დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა, თუმცა პრეზიდენტი სამინისტროში არ გამოცხადდა. რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია ახლა მსჯელობს, დაარღვია თუ არა ამ ინიციატივით პრეზიდენტმა კანონი და იყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ რესურსს. მინისტრი დღეს თავისი თანაგუნდელებისგან განსხვევებით რადიკალური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა და პრეზიდენტისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვდა, თუმცა ირიბად მაინც ცდილობდა მის დისკრედიტაციას.

იუსტიციის სამინისტროსთვის სადავო აღმოჩნდა ის განცხადება, სადაც პრეზიდენტი არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო შტაბის გახსნას აანონსებს. საქართველოს პრეზიდენტმა, ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს, საჯარო ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფა აუცილებელია. პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს მიმართა, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ და მათ შორის დიასპორის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ. 

რატომ გახდა ეს განცხადება ხელისუფლებისთვის მოკვლევის დაწყების საფუძველი, კონსტიტუციონალისტების გაუგებარია. პრეზიდენტის წინაამღდეგ გამოთქმულ ბრალდებებს იურისტები აბსურდულს უწოდებენ და მკაფიოდ აცხადებენ, რომ პრეზიდენტი საკუთარი ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.

კონტიტუციონალისტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი არათუ კანონს არღვევს, არამედ პირიქით კონსტიტუციას იცავს, რადგან მისი ამოცანაა 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად წარიმართოს და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

რატი ბრეგაძე დახურული სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც განმარტებული იყო, რატომ არ ეწინააღმდეგება კანონს პრეზიდენტის ინიციტივა, თუმცა მინისტრისთვის ეს განმარტებები არასაკმარისი აღმოჩნდა. რატი ბრეგაძე მომდევნო სხდომაზე პრეზიდენტის მხარის დაბარებას ისევ აანონსებს.

დღეს მედიისთვის დახურულ სხდომას, სადაც განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, სამინისტროების, პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს მოწვევას პრეზიდენტმა უარით უპასუხა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი