სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება კახა წიქარიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ მეორე ინსტანციამაც კლანის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო:
"მოკლედ, აპელაციამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩემი უფლებამოსილების შეჩერება და თქვა შემდეგი:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნა არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ექვემდებარება სასამართლო კონტროლს (ამ დროს ზოგად ადმ. კოდექსში წერია რომ ეს კოდექსი მასზე არ ვრცელდება).
- არსებობს დასაბუთებული ეჭვი პრეზიდენტის განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით (რომელ ნორმას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს არ წერია).
- სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იუსტიციის საბჭოში ჩემი ყოფნით ხელი შეეშლება გადაწყვეტილების აღსრულებას (თითქოს კარებს ჩავხერგავ და ოთახიდან აღარ გამოვალ)
ამასთან თავად მოსამართლემ თქვა რომ უნდა იყოს დაცული ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის, მაგრამ მეორე მხარეს რა ინტერესი დგას და რა ფუჭდება ამაზე არ უმსჯელია (ძირითადად მხოლოდ კაკოჩაშვილზე ზრუნავს და დარდობს).
რეალურად ჩემი აზრით მოხდა ის რომ ქართულ ოცნებას კლანზე მეტად შეეშინდა საბჭოში ჩემი შესვლის. გაგანია არჩევნების წინ იუსტიციის საბჭოში აურზაური და ადეიშვილის სახელის და გვარის ფრიალი არანაირად არ აწყობს ქართულ ოცნებას (არც ნაცმოძრაობას სიამოვნებს მაინცდამაინც). " წერს წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, კახა წიქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნა. განკარგულება 15 ივლისს გამოიცა, თუმცა, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეაჩერა, რაც წიქარიშვილმა გაასაჩივრა.