დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, ნოემბრიდან, რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, ნოემბრიდან, რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ ენერგოდეფიციტის გამო ელექტროენერგია ყოველდღე ოთხი საათით გაითიშება. მისივე თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთიდან ელექტროენერგიას კომერციულ ფასად შეისყიდის.

"ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება "ინტერ რაოსთან" რუსეთიდან პირველი ნოემბრიდან 180 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების შესახებ (60 მლნ კვტ.სთ ნოემბერში და 120 მლნ კვტ.სთ დეკემბერში). დეფიციტის დასაფარად, ასევე ნოემბრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება ელექტროენერგიის ოთხსაათიანი გამორთვები", - განაცხადა ჯინჯოლიამ.

"ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის თქმით, შემდგომი სიტუაცია დამოკიდებული იქნება ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეზე, შემოდინებაზე და სადგურის შესაძლებლობებზე. რუსული მედიის ცნობით, ამჟამად წყლის დონე ენგურჰესის კაშხალში ზღვის დონიდან 427 მეტრს შეადგეს. 420 მეტრზე დაბალი წყლის დონის შემთხვევაში სადგური ვერ იმუშავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი