ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი, ირინა კაკაჩია, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ყვება, როგორ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მისის თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. კაკაჩია იხსენებს, რომ ის საჯაროდ უჭერდა მხარს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს და მომხდარს სწორედ მის პოზიციას უკავშირებს.
"პაუზის შემდეგ გადავწყვიტე დავწერო ყველაფერი, რაც გადამხდა ეს დღეები და რასაც განვიცდი. ყველას მადლობას გიხდით თანადგომისა და თანაგრძნობისთვის, ვინც მწერდით, მკითხულობდით, გაწუხებდათ ჩემი დარდი და ჩემს მიმართ ჩადენილი უსამართლობა. ყველაზე მთავარი, შვილი კარგად მყავს, გადავიტანეთ რთული ოპერაცია, და მადლობა ღმერთს, არაფერი ემუქრება!
ჩემი სამსახური, უკვე ყოფილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დროებით ყოფილი, დანამდვილებით ვიცი და ვგრძნობ, ვინც მე ხელი მკრა, მათ, ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან მოკლე დრო აქვთ დარჩენილი.
წელიწად-ნახევარი, რაც ქალბატონი ინეზა ქობალია ავად იყო, ვასრულებდი ჩემი სოფლის საბავშვო ბაღის უფროსის მოვალეობას. სოფელმა და ბავშვების მშობლებმა კარგად იციან, ჩემი მუშაობა, ჩემი კომპეტენცია, ჩემი დიდი სიყვარული ბავშვების მიმართ. გადახედეთ სხვადასხვა ზეიმებს, გახარებულ ბავშვებს და მერე განსაჯეთ, როგორი იყო ჩემი საქმიანობა.
ჩემი და ბაღის აღმზრდელების თავდაუზოგავი შრომის, ბავშვებისადმი სიყვარულისა და პროფესიონალიზმის ნაყოფია გარკვეულწილად დარჩელის საბავშვო ბაღის წარმატება, რაც, როგორც მშობლებისთვის, ასევე აღსაზრდელებისთვის, თვალსაჩინო და მკაფიოა.
და რა მოხდა?
პირველი ეჭვი გაჩნდა მაშინ, როდესაც დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრების ღონისძიებაზე, პერფორმანსი დადგეს, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას. აღნიშნულმა ჩანაწერმა მოიარა სოციალური ქსელები და აღფრთოვანებული იყო ყველა. მოსწავლეებმა ეს დამოუკიდებლად გააკეთეს, როგორც პედაგოგის პირდაპირი წილი, ჩემი არანაირი არ ყოფილა, მაგრამ გამიხარდა თუ არა?! დიახ, გამიხარდა და ეს სიხარული არ დამიმალავს, რადგანაც ვთვლი, რომ ახალგაზრდები იყვნენ მართლები და ამაყი თაობა იდგა რუსთაველზე, ხელისუფლებამ კი ნამდვილად მიიღო, ანტიქართული კანონი.
"ქართული ოცნების" შტაბს დარჩელში მართავს, ყველასთვის ცნობილი მაღალჩინოსანი! ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას. კონკრეტულად, ზემოთნახსენები ჩინოვნიკის მიუღებლობა ჩემს მიმართ, გახდა ჩემი განთავისუფლების მიზეზი. რაც დამეთანხმებით, წმინდა წყლის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას ნიშნავს! თუმცა, დრონი მეფობენ, არა მეფენი!
დირექტორის სკამით არ იწყება და არ მთავრდება არაფერი, ღირსება ან გაქვს, ან არა! მთავარია ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და ჩვენს შვილებს არ გადავუკეტოთ გზა ევროპისკენ! უფალი დიდია, დრო ყველას და ყველაფერს გასცემს პასუხს. უსამართლობა პასუხგაუცემელი არავითარ შემთხვევაში არ დარჩება!
P.S. სტატუსს ვურთავ ვიდეოჩანაწერს და ბოლომდე ვიზიარებ და ვიაზრებ, ჩემი მოსწავლეების სულისკვეთებას!" , - წერს ირინა კაკაჩია.